სერგეი ლავროვი - რუსეთი ამჟამად ვაშინგტონისგან ელოდება ალასკაში ლიდერთა სამიტზე უკრაინის შესახებ მიღწეული შეთანხმებების აქტუალურობის დადასტურებას
რუსეთი ამჟამად ვაშინგტონისგან ელოდება ალასკაში ლიდერთა სამიტზე უკრაინის შესახებ მიღწეული შეთანხმებების აქტუალურობის დადასტურებას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ლავროვის თქმით, შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური არხებით განაცხადა, რომ განიხილავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იდეას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების 2026 წლის თებერვლის შემდეგ შენარჩუნების შესახებ.
უკრაინის ომზე საუბრისას რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თქვა, რომ, როგორც ჩანს, აშშ-ს უჭირს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დარწმუნება, არ ჩაერიოს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში.
„მაშინ, ალასკის სამიტზე ამერიკელებმა დაგვარწმუნეს, რომ შეძლებდნენ იმის უზრუნველყოფას, რომ ზელენსკი არ ჩაერეოდა სამშვიდობო პროცესში. როგორც ჩანს, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები წარმოიშვა. გარდა ამისა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ბრიუსელი და ლონდონი ცდილობენ, დაარწმუნონ ვაშინგტონი, უარი თქვას კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით მოგვარების განზრახვაზე და სრულად ჩაერთოს რუსეთზე სამხედრო ზეწოლის განხორციელების მცდელობებში, ანუ საბოლოოდ გახდეს „ომის პარტიის“ ნაწილი“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ, ანკორიჯში შეხვედრაზე მიღწეული კომპრომისის მიუხედავად, მოსკოვი არ უარს ამბობს თავის ფუნდამენტურ პრინციპებზე.
ლავროვის მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობა და ყირიმის, დონბასისა და ნოვოროსიის მცხოვრებლების არჩევანი განხილვის საგანი არ არის.