სერგეი ლავროვი - ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები გვსურს
სერგეი ლავროვი - ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები გვსურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს არ სურს, რომ პროდასავლური მედია რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესების პოტენციალის წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

ამის შესახებ სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. აღსანიშნავია, რომ რეპორტიორმა თავი პროდასავლური მედიის ჟურნალისტად წარადგინა, რაზეც ლავროვმა უპასუხა, რომ მას ის „პროქართველი ეგონა“.

„რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ჩვენი პოზიციის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გააკეთა განცხადება. ასევე საგარეო უწყებამაც. დასამატებელი არაფერი მაქვს. ჩვენ ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები გვსურს. ჩვენ არ მოგვწონს მცდელობები, რომ „პროდასავლური და დამოუკიდებელი“ მედია გამოყენებული იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის დასანგრევად“, – განაცხადა ლავროვმა.