სერგეი ლავროვი - ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ისტერიამ ყველაფერი დამაჯერებლად აჩვენა, ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში
სერგეი ლავროვი - ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ისტერიამ ყველაფერი დამაჯერებლად აჩვენა, ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დასავლეთის რეაქციას „ისტერია“ უწოდა.

ლავროვის თქმით, დასავლეთის ქვეყნებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ რუსეთის საქმეებში.

„ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით ისტერიამ ყველაფერი დამაჯერებლად აჩვენა. კომენტარის გაკეთებაც კი არ მინდა. ამ ადამიანებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ ჩვენს საშინაო საქმეებში. კონკრეტულად ნავალნიზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ არავინ იცის, რა გაუკეთეს მას გერმანიის ტერიტორიაზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, 2020 წელს გერმანიის ხელისუფლებამ უარი თქვა გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ნავალნისთვის ჩატარებული ანალიზების შედეგების რუსეთისთვის გაზიარებაზე.

„ნავალნი გერმანიაში როცა მოხვდა, სამოქალაქო კლინიკაში ვერაფერი აღმოაჩინეს, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ. გადაიყვანეს სამხედრო კლინიკაში. სწორედ იქ დაადგინეს, რომ მის ორგანიზმში გარკვეული „ნოვიჩოკი“ იყო. ჩვენ ვითხოვეთ, ეჩვენებინათ ანალიზების შედეგები, გვითხრეს, რომ ეს თქვენი საქმე არ არის“, – აღნიშნა ლავროვმა.