სერგეი ლავროვი – ნატო თავისით უნდა დაიშალოს, როგორც ეს ვარშავის პაქტის შემთხვევაში მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
ნატო თავისით უნდა დაიშალოს, როგორც ეს ვარშავის პაქტის შემთხვევაში მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაციამ ეს არ გააკეთა, რადგან სამხედრო ბლოკის შენარჩუნების მიზეზებს ხედავდა.
სერგეი ლავროვმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს „ფიურერი“ უწოდა, რადგან, მისივე განცხადებით, ის ცდილობს, მიითვისოს უფლებამოსილებები, რომლებიც ევროკავშირს სხვა ორგანოების მიერ არ აქვს დელეგირებული.
„ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელსაც ჩვენ „ფიურერ ურსულას“ ვეძახით, ცდილობს, ევროკომისიისთვის მიითვისოს ის უფლებამოსილებები, რომლებიც, ევროკავშირის მასშტაბით მიღებული გადაწყვეტილებებით, ბრიუსელისთვის არ გადაუციათ, არამედ ეროვნული მთავრობების ხელში რჩება. და ის ამ ტენდენციას ძალიან კარგად ავლენს“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რამდენიმე წლის წინ „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენის აფეთქების შესახებ კითხვაზე პასუხისას ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპელი ამომრჩევლები დაზარალდებიან ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო, მაგრამ ვალდებული არიან, დაზარალდნენ, რათა უკრაინელმა ხალხმა დაიცვას ევროპული ღირებულებები.
„არავის უკითხავს, რა იყო ეს ევროპული ღირებულებები. რუსული ენის საკანონმდებლო აკრძალვა განათლებაში, კულტურაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და მედიაში თუ ევროპულ ღირებულებებს ასახავს, მაშინ კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ნაციზმში ევროპისთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.