სერგეი ლავროვი - ნატო-ს ქვეყნები დე იურე მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში, რაც ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს ზრდის
სერგეი ლავროვი - ნატო-ს ქვეყნები დე იურე მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში, რაც ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს ზრდის

ნატო-ს ქვეყნები დე იურე მონაწილეობენ უკრაინის კონფლიქტში, რაც ბირთვულ სახელმწიფოებს შორის პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს ზრდის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უსაფრთხოების საბჭოს ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთის ქვეყნებს ასეთი სცენარის განვითარების დაუშვებლობის შესახებ სიგნალს უგზავნის, თუმცა ეს სიგნალები „ან დაიგნორებულია, ან პროპაგანდისტული მიზნებით არის შეცვლილი“.

„ფაქტობრივად და არსებითად, დე იურედ ნატო-ს ქვეყნები პირდაპირ მონაწილეობენ კონფლიქტში კიევის მხარეს. ასეთი უპასუხისმგებლო ხაზი არსებითად ზრდის ბირთვული სახელმწიფოების პირდაპირი სამხედრო შეტაკების საფრთხეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

მინისტრის თქმით, დიდი შვიდეულის სამიტზე ქვეყნებმა აჩვენეს, რომ რუსეთსა და ჩინეთს ეგზისტენციალური საფრთხის მქონე სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ განიხილავენ.

„როგორც ახლახან იაპონიაში გამართული დიდი შვიდეულის სამიტის განცხადებიდან ირკვევა, დასავლეთი რუსეთსა და ჩინეთს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს, რომლებიც მათი დომინირებისთვის თითქმის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენენ“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით ჰიტლერის პოლიტიკის საფუძველში არსებულ განზრახვებს ასახავს. მისივე თქმით, რეალური განზრახვები 2021 წლის დეკემბერში გამოჩნდა, როდესაც ნატო-მ უარი თქვა რუსეთის წინადადებაზე რუსეთისთვის იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიების მინიჭების შესახებ.