სერგეი ლავროვი - მოსკოვი მზად არის, ეძებოს კომპრომისები უკრაინის საკითხის დასარეგულირებლად, თუ გათვალისწინებული იქნება რუსეთის ინტერესები
მოსკოვი მზად არის, ეძებოს კომპრომისები უკრაინის საკითხის დასარეგულირებლად, თუ გათვალისწინებული იქნება რუსეთის ინტერესები. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „პერვი კანალთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ხომ გვესმის და პრეზიდენტმა პუტინმა ეს არაერთხელ თქვა, რომ, საბოლოო ჯამში, მდგრადი შეთანხმებები – ეს არის კომპრომისი. მზად ვართ, ვეძებოთ ისინი იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები უსაფრთხოების სფეროში, უკრაინაში რუსი ხალხის ლეგიტიმური ინტერესები, ისევე როგორც უზრუნველყოფილი იქნება ასეთი შეთანხმების სხვა მონაწილეების ლეგიტიმური ინტერესები“, – განაცხადა ლავროვმა ინტერვიუში.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციაში ესმით ნატო-სთან დაკავშირებული პრობლემები და ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს. მისივე თქმით, „არის იმის გაგება, რომ ყირიმში და სხვა ტერიტორიებზე ჩატარებული რეფერენდუმების უგულებელყოფა არ შეიძლება“.
„ნებისმიერ შეთანხმებაში აუცილებელია ამ რეფერენდუმის შედეგების გათვალისწინება. კონკრეტულად როგორ – დაუყოვნებლივ, ეტაპობრივად – ეს სხვა საქმეა. მათ აღიარეს ჩვენი მიდგომების არსი და მუშაობენ ამ საფუძველზე“, – აღნიშნა ლავროვმა.