სერგეი ლავროვი – ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებული ბრალდებები ნამდვილი ომის დასაწყისია, ფრიდრიხ მერცი, ფაქტობრივად, რუსეთთან ომის გამოცხადებისკენ მიდის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილ უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული ბრალდებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს, მისი შეფასებით, შესაძლოა, „ნამდვილი ომის დასაწყისი“ იყოს.
„რუსეთის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში აღმოჩენილ უპილოტო საფრენ აპარატთან დაკავშირებით არსებითად ნამდვილი ომის დასაწყისია“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ევროპულ ქვეყნებს ამ საკითხში, პირველ რიგში, „გარეგნული ეფექტი“ აინტერესებთ და გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთი ინციდენტი რუსეთისთვის დაებრალებინათ.
„მათთვის მნიშვნელოვანია გარეგნული ეფექტი. მათ გადაწყვიტეს, რომ კიდევ ერთი შემთხვევა შეიძლება რუსეთს დააბრალონ. აეროპორტში „რაღაც დრონი იპოვეს“ და თქვეს, რომ ის რუსულია, არავის დაუწყია გარკვევა“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, მერცი გერმანიის ევროპის „პირველ სამხედრო ძალად“ გადაქცევას გეგმავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მერცი, ფაქტობრივად, რუსეთთან „ომის გამოცხადებისკენ მიდის“.
„ის, ფაქტობრივად, რუსეთთან ომის გამოცხადებისკენ მიდის“, – განაცხადა ლავროვმა.