სერგეი ლავროვი - ინციდენტები ხდება, მაგრამ ჩვენ არასდროს არ ვუშვებთ ჩვენს უპილოტო აპარატებს ან რაკეტებს ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განაცხადებით, რუსეთი არ უშვებს საკუთარ უპილოტო საფრენ აპარატებსა და რაკეტებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.
„ჩვენ არასდროს არ ვახორციელებთ თავდასხმას სამოქალაქო ობიექტებზე. ინციდენტები ხდება, მაგრამ ჩვენ არასდროს არ ვუმიზნებთ მათ. ჩვენ არასდროს არ ვუშვებთ ჩვენს უპილოტო აპარატებს ან რაკეტებს ევროპაში მდებარე სახელმწიფოებზე, ევროკავშირის წევრებზე, ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის ქვეყნებზე“,- აღნიშნა ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის შემდგომ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 10 სექტემბერს, რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მორიგი მასშტაბური საჰაერო იერიშის დროს, რუსული დრონები პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ. სულ პოლონეთის სპეცსამსახურებმა დააფიქსირეს 21 დრონი. მათი ნაწილი ჩამოაგდეს. მიმდინარე კვირას დანიისა და ნორვეგიის რამდენიმე აეროპორტი ცაში უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო დროებით დაიხურა. ასევე, ნიდერლანდების მთავარ აეროპორტ „სხიპჰოლში“ ასაფრენი ზოლი დაიხურა მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენი აპარატი შენიშნეს. იმავე მიზეზით ვილნიუსის აეროპორტმა 25 სექტემბერს ორჯერ შეაჩერა მუშაობა.