სერგეი ლავროვი – გონივრულია იდეა, რომ ჯერ მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხები ჩამოვაყალიბოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე

18:52, 10.11.2026

რუსეთი ვერ დათანხმდება უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, თუ არ ეცოდინება, რა მოხდება ამის შემდეგ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, უფრო გონივრული იქნება, თავდაპირველად ევროპაში უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ძირითადი საკითხები განიხილონ, ხოლო ამის შემდეგ გადავიდნენ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე.

„ის, რაც ახლა ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დედაქალაქებიდან გვესმის, არის მოთხოვნა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე არანაირი განხილვა არ უნდა გაიმართოს მდგრადი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევამდე. ეს ისევ ძველი ლოგიკაა. მათი მიზანია, ნებისმიერ შემთხვევაში მოიგონ დრო თავიანთი კლიენტისთვის – კიევის რეჟიმისთვის და გამოიყენონ ეს დრო მისი სამხედრო დანაკარგების გარკვეულწილად შესავსებად. ჩვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ დავთანხმდებით“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, ლავროვის თქმით, ამერიკელებმა განაცხადეს, რომ რუსულ დელეგაციასთან მოლაპარაკებებამდე უკრაინელებსა და ევროპელებს შეხვდებოდნენ. თუმცა, მისი შეფასებით, მოლაპარაკებების ასეთი ფორმატი პერსპექტიული არ არის.

„ჩვენ არ შეგვიძლია და არც გვსურს, ხელი შევუშალოთ ამერიკელებს, ურთიერთობა ჰქონდეთ მათთან, ვისთანაც საჭიროდ მიიჩნევენ. მათი თქმით, ეს მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს. ვნახოთ. თუმცა თავად იდეა, რომ ჯერ მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის ძირითადი საკითხები ჩამოვაყალიბოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე, სრულიად გონივრულია“, – აღნიშნა ლავროვმა.

მსგავსი