სერგეი ლავროვი – ევროპა რუსეთს თუ თავს დაესხმება, ომი სრულიად განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გაითვალისწინოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, ევროპის მხრიდან რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში ომი „სრულიად განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება“.
„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა და ეს რამდენჯერმე გაიმეორა: „ჩვენ არავისზე თავდასხმას არ ვაპირებთ. ეს სისულელეა, იდიოტიზმია. მაგრამ თუ ეს საუბრები თქვენი თავდასხმისთვის მზადებას ნიშნავს, გარწმუნებთ, ომი სრულიად განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება“. ამ სიტყვების დამახსოვრებას გირჩევდით“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას არ გეგმავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთის მიერ არქტიკის მილიტარიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს მოსკოვისთვის „შემაშფოთებელია“.
„ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა, ნორვეგიელებმა და კიდევ ვიღაცამ, იქ სამხედრო წვრთნები ჩაატარეს, რომლის სცენარიც აშკარად რუსეთის ფედერაციასთან ომს ითვალისწინებდა“, – განაცხადა ლავროვმა.