სერგეი ლავროვი - ევროკავშირმა თავს უფლება მისცა, რუსეთთან უაზრო კონფრონტაცია დაეწყო
სერგეი ლავროვი - ევროკავშირმა თავს უფლება მისცა, რუსეთთან უაზრო კონფრონტაცია დაეწყო

ევროკავშირმა თავს უფლება მისცა, რუსეთთან უაზრო კონფრონტაცია დაეწყო, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის კონტინენტსა და ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული ვითარება აჩვენებს, რომ ძველი პრობლემები ღრმავდება და ამავდროულად ფორმირდება ახლები. როგორც სერგეი ლავროვმა განაცხადა, ასეთ ვითარებაში დროულია, დღის წესრიგში კვლავ დადგეს ევროპული სახლის იდეა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მეორე მსოფლიო და ცივი ომის დასრულების შემდეგ, ერთიანობის გეგმებს წარმატების ყველა შანსი ჰქონდა, თუმცა იგი სწორი კურსით ვერ წავიდა. ამის მიზეზად კი ლავროვი დასავლეთის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს მიიჩნევს.

„რუსეთსა და ბრიუსელს შორის შემუშავდა საგზაო რუკები, რომ ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერებისა და განათლების საერთო სივრცე შექმნილიყო, თუმცა ეს საგზაო რუკა მივიწყებულ იქნა და მასზე აღარავინ ლაპარაკობს. იგივე შეიძლება ითქვას იმ ვალდებულებაზე, რომ თქვენი უსაფრთხოების დაცვა სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო. ეს დოკუმენტი ეუთო-ში, უმაღლეს დონეზე იქნა მიღებული და დღეს არა მხოლოდ მივიწყებულია, არამედ რეგულარულად ირღვევა. ანუ რა მივიღეთ? ვერ მივიღეთ გაერთიანებული ევროპა, ვერ იქნა გამოყენებული თანამშრომლობის რესურსები ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ტერორიზმისა და ეკონომიკური ზრდის გამოწვევებს კი ვერ გაეცა სათანადო პასუხი. ევროკავშირმა მისცა თავს უფლება, შესულიყო უაზრო კონფრონტაციაში რუსეთთან, რამაც მილიარდობით დანაკარგი გამოიწვია“, – აღნიშნა ლავროვმა.

„ვაშინგტონ პოსტის“ კითხვას, როგორ შეძლებს რუსეთი ასადის დარწმუნებას, რომ მან რეგიონის დაშინება და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებები შეწყვიტოს, ლავროვი პასუხობს:

„ვფიქრობ, რაც არ უნდა გიპასუხოთ, მაინც იმას დაწერთ, რაც გსურთ. ასე რომ, ასე გააკეთეთ. შემიძლია, უფრო მოკლედაც გიპასუხოთ“, – აღნიშნა ლავროვმა, რომელიც ქერჩის მოვლენებსაც გამოეხმაურა და მას კიევის პროვოკაცია უწოდა, რაც მისი თქმით, პოროშენკოს კამპანიისთვის დასჭირდა.

დატოვე კომენტარი