სერგეი ლავროვი - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში რუსეთის საწინააღმდეგო განწყობის შექმნას ცდილობს
სერგეი ლავროვი - დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში რუსეთის საწინააღმდეგო განწყობის შექმნას ცდილობს

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში რუსეთის საწინააღმდეგო განწყობის შექმნას ცდილობს. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა Euronews-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სოლსბერიში მომხდარი სკანდალის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით გამუდმებით ცდილობს სხვა ქვეყნების აყოლიებას.

„ძალიან სასაცილოა, სოლსბერის შემდეგ როგორ დადიან დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ევროპის მასშტაბით და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. ამასთან, მოახერხეს, დაერწმუნებინათ ბევრი სახელმწიფო, ჩვენი დიპლომატები გაეძევებინათ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ახლა დიდი ბრიტანეთი ახალ, სისტემურ სანქციებს იგონებს, რომლის შესრულებაც ქიმიური იარაღის აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული კანონის დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოს მოუწევს.

„ქვეყანა, რომელიც ევროკავშირს ტოვებს, რუსეთთან მიმართებაში გაერთიანების პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა Euronews-თან ინტერვიუს დროს.

2018 წლის 4 მარტს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სკანდალის შემდეგ ევროპის 18 სახელმწიფოს მთავრობამ რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალური მოსკოვი დიდი ბრიტანეთის მიერ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს.