რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ლავროვმა აღნიშნულ შეხვედრებზე სომხეთის უსაფრთხოების დაცვის პირობა კიდევ ერთხელ დადო.
ლავროვის ეს განცხადება სომხეთის სამხრეთ ნაწილში შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება. აპრილის ბოლოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც სომხეთის სიუნიქის რაიონზე გადის, არ გაიხსნება, მაშინ აზერბაიჯანი ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს. სომხეთში ამ განცხადებას „პროვოკაციული“ უწოდეს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაქოში ისაუბრებს, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების განახლების საკითხია. აზერბაიჯანი ამ წინადადებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი უკვე დარეგულირებულია.