სერგეი ლავროვი - დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, ქვეყნების ნაწილი საკუთარ თავს მორგებულ სამხედრო კავშირებში ჩაითრიონ
დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, საკუთარ თავს მორგებულ სამხედრო კავშირებში ჩაითრიონ ქვეყნების ერთი ნაწილი, სხვა სახელმწიფოებს კი თავიანთი პარტნიორებისა და მოკავშირეების თავისუფალი არჩევის გამო სასჯელით ემუქრებიან, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
სერგეი ლავროვმა დასავლეთი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.
„ჩვენი დასავლელი კოლეგები დაჟინებით ცდილობენ, შეცვალონ მსოფლიოში კანონის უზენაესობა რაღაც „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“. თავად ამ წესების გამოგონება კი ხდება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით და ისინი წარმოადგენენ ორმაგ სტანდარტებს. ამა თუ იმ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ხმამაღალი ბრალდებების წაყენება ხდება დემოკრატიულად არჩეული მთავრობების შერყევისა და დამხობისკენ მიმართული ღია კურსის გატარებასთან ერთად. ცდილობენ, საკუთარ თავს მორგებულ სამხედრო კავშირებში ჩაითრიონ ქვეყნების ერთი ნაწილი მათი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მაშინ, როდესაც სხვა სახელმწიფოებს ემუქრებიან სასჯელით თავიანთი პარტნიორებისა და მოკავშირეების თავისუფალი არჩევის გამო“, – განაცხადა ლავროვმა.
ამას გარდა, ლავროვის თქმით, რუსეთის მხარს დაუჭერს კოსოვის პრობლემის ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღები იქნება სერბეთისთვის. რუსმა დიპლომატმა ბელგრადსა და პრიშტინას დიალოგისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის შუამავლობით კოსოვოსა და სერბეთს შორის მიღწეული შეთანხმება არ სრულდება. ლავროვის თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ სანქცირებული სამხედრო მისია კოსოვოში „ტრანსფორმირდება ამერიკულ ბაზად, იქმნება კოსოვოს შეიარაღებული ძალები“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე უკრაინის კონფლიქტის დასარეგულირებლად მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობა დაასახელა. ამასთან, ლავრომა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის, უკრაინაში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას გაერო იცავდეს.
გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას სერგეი ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ირანთან ბირთვული შეთანხმების შესანარჩუნებლად.
სირიის კონფლიქტზე საუბრისას, ლავრომა განაცხადა, რომ სირიის დახმარება ორმაგი სტანდარტების გარეშე გაერო-ს პრიორიტეტი უნდა გახდეს.
სერგეი ლავროვმა საერთაშორისო საზოგადოებას კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კონვენციის შემუშავებისკენ მოუწოდა.