სერგეი ლავროვი - ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა ცალსახა მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნისა და რუსეთის ქმედებების მიმართ, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ გულწრფელი მადლიერება
ჩრდილოეთ კორეამ დაადასტურა ცალსახა მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნისა და რუსეთის ქმედებების მიმართ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩოი სონ ჰისთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინის კრიზისის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე. ჩვენმა ჩრდილოკორეელმა მეგობრებმა დაადასტურეს თავიანთი ცალსახა მხარდაჭერა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა მიზნისა და რუსეთის ხელმძღვანელობისა და რუსეთის არმიის ქმედებების მიმართ. თავის მხრივ, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი გულწრფელი მადლიერება კორეის სახალხო არმიის სამხედრო მოსამსახურეების წვლილისთვის კურსკის რეგიონის გათავისუფლების ოპერაციის წარმატებით დასრულებაში“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კურსკის რეგიონის გათავისუფლებაში სამხედრო დახმარება რუსეთს ჩრდილოეთ კორეამ შესთავაზა.
„ჩვენ არ გვქონდა მიზეზი, უარი გვეთქვა სოლიდარობის ამ გულწრფელ გამოხატულებაზე“, – აღნიშნა ლავროვმა.
ამასთან, ლავროვის თქმით, ვლადიმერ პუტინი და კიმ ჩენ ინი მუდმივ კონტაქტში არიან.
ცნობისთვის, სერგეი ლავროვი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში იმყოფება.