სერგეი ლავროვი - ბლინკენთან შეხვედრაზე განმეორებით მოვისმინეთ არგუმენტები ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე, ჩვენ გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს
სერგეი ლავროვი - ბლინკენთან შეხვედრაზე განმეორებით მოვისმინეთ არგუმენტები ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე, ჩვენ გავიმეორეთ მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებთ, თუმცა უკვე არაერთხელ ავხსენით, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, კრემლს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას, მაგრამ „ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა ამ თემაზე ვერ დაიყვანება“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსი დიპლომატის განცხადებით, ნატო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომ მოსკოვი ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგება.

ლავროვის თქმით, შეხვედრის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მას დაჰპირდა, რომ მომდევნო კვირისთვის წერილობით უპასუხებს მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.

დღეს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს. ეს მათი რიგით მესამე შეხვედრა იყო. პირველი 2021 წლის მაისში, რეიკიავიკში არქტიკული საბჭოს მინისტერიალზე შედგა, ხოლო მეორე 2021 წლის დეკემბერში, სტოკჰოლმში, ეუთო-ს ფარგლებში. 2021 წლის ბოლოს, სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე კრემლმა შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან შეთანხმებების ორი პროექტი გამოაქვეყნა.

დატოვე კომენტარი