სერგეი ლავროვი - აშშ სომხეთს ურჩევს, უარი თქვას რუსული სამხედრო ბაზისა და მესაზღვრეების განთავსებაზე, სანაცვლოდ კი სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობას დებს
აშშ სომხეთს ურჩევს, უარი თქვას რუსული სამხედრო ბაზისა და მესაზღვრეების განთავსებაზე, სანაცვლოდ კი სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობას დებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის პოზიცია არის ღია პროვოკაცია და საუბარი არ შეიძლება იყოს დიპლომატიაზე.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ იქცევა დასავლეთი მათთან, ვისზეც მან წარსულში რაღაც ფსონი დადო. მათ მიატოვეს ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, რომელიც „არაბული გაზაფხულის“ დასაწყისში ღირსეულად გადადგა, არ გაიქცა. აშშ-მა მიატოვა ავღანეთის ხელმძღვანელობა, რომელსაც ეყრდნობოდნენ ამ ქვეყნის ოცწლიანი ოკუპაციის დროს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დასავლეთი მეთოდურად და ცინიკურად ახორციელებს ზეწოლას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის და დსთ-ის წევრებზე, ასევე შუა აზიასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე და მათ „ოქროს მთებს“ ჰპირდება.
„ისინი აღმოჩნდნენ ორ ცეცხლს შორის. ეკონომიკური კავშირების ლომის წილი მოდის რუსეთის ფედერაციაზე, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირზე, დსთ-ზე, მაგრამ დასავლეთის წილი შუა აზიისა და ამიერკავკასიის ეკონომიკაში იზრდება. დასავლეთი მეთოდურად და ცინიკურად სთხოვს მათ, არ გადადგან მისი ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯები და ჰპირდებიან „ოქროს მთებს“, თუმცა, რეალურად, ეს მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევად იქცევა. პარალელურად, დასავლეთი ამ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელს აფართოებს, რომლებიც ფინანსდება ბიუჯეტიდან, პირველ რიგში, აშშ-ს, ბრიტანეთის, ევროკავშირის. ასეთი ორგანიზაციები პოსტსაბჭოთა სივრცის მთელ რიგ ქვეყნებში უფრო და უფრო მშვიდად გრძნობენ თავს და ცდილობენ კიდეც, შეუკვეთონ მუსიკა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.