სერგეი ლავროვი - აშშ-ს სურს, რუსეთის შეკავების პასუხისმგებლობა ევროპას გადააბაროს, რათა ჩინეთის მიმართულებით საკუთარი რესურსები გაათავისუფლოს
სერგეი ლავროვი - აშშ-ს სურს, რუსეთის შეკავების პასუხისმგებლობა ევროპას გადააბაროს, რათა ჩინეთის მიმართულებით საკუთარი რესურსები გაათავისუფლოს

აშშ-ს სურს, რუსეთის შეკავების პასუხისმგებლობა ევროპას გადააბაროს, რათა ჩინეთის მიმართულებით საკუთარი რესურსები გაათავისუფლოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის მტკიცებით, ამ ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი ცდილობენ არა მხოლოდ დისკუსიების სტიმულირებას, არამედ პრაქტიკული ქმედებების განხორციელებას უკრაინის მონაწილეობით წინასწარ გამოცხადებული ანტირუსული სამხედრო ბლოკის შექმნის მიმართულებით.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, შეერთებული შტატები ევროპის მილიტარიზაციას უწყობს ხელს, რათა თავი გაიმართლოს და უკრაინაში წარსული ქმედებების შედეგებზე პასუხისმგებლობა ევროპას გადააბაროს. ლავროვის თქმით, მოსკოვს არ აქვს ილუზიები შეერთებული შტატების რეალური მიზნების შესახებ, როცა აცხადებს, რომ ახლა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს.

„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენ არ გვაქვს ილუზიები იმის შესახებ, თუ რა მიზნები აქვს სინამდვილეში შეერთებულ შტატებს მხედველობაში, როდესაც აცხადებს, რომ, ბაიდენისა და სხვა დემოკრატებისგან განსხვავებით, ახლა ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. ეს ეროვნული ინტერესები გათვალისწინებულია არაერთ დოქტრინულ დოკუმენტში, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასა და ენერგეტიკულ სტრატეგიაში, რომლებიც ცალსახად ადგენენ ენერგეტიკულ ბაზრებზე დომინირების მიზანს“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.