სერგეი ლავროვი -  აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანით დე ფაქტოდ აღიარა 20-წლიანი მისიის წარუმატებლობა
სერგეი ლავროვი - აშშ-მა ავღანეთიდან ჯარების გაყვანით დე ფაქტოდ აღიარა 20-წლიანი მისიის წარუმატებლობა

ავღანეთიდან ჯარების გაყვანით, აშშ-მა დე ფაქტოდ აღიარა 20-წლიანი მისიის წარუმატებლობა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონი, რომელსაც ჯარები გაჰყავს და ქაბული, რომელსაც „თალიბანთან“ გარდამავალი მთავრობის ფორმირება არ სურს, ქვეყანას კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაწყვეტისკენ უბიძგებენ.

სერგეი ლავროვის განცხადებით, 2001 წელს აშშ-ის და მისი მოკავშირეების მიერ ოპერაციის დაწყების შემდეგ, ავღანეთში ტერორისტული და ნარკოტიკული საფრთხეები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციებში, რუსეთის მოკავშირეების საზღვარზე, განზრახ და მიზანმიმართულად ძლიერდება.

ლავროვის განცხადებით, ტაჯიკეთზე თავდასხმის შემთხვევაში, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს.