სერგეი ლავროვი - აშშ ევროპის ბირთვულ განიარაღებას ხელს უშლის
სერგეი ლავროვი - აშშ ევროპის ბირთვულ განიარაღებას ხელს უშლის

ევროპაში ამერიკული არასტრატეგიული ბირთვული იარაღის შენარჩუნება, ასევე “ერთობლივი ბირთვული მისიების” პრაქტიკა, ბირთვულ განიარაღებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა ჟენევაში განიარაღების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მისიის ფარგლებში, რომელიც უხეშად არღვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებას, ნატო-ს წევრი არაბირთვული ქვეყნები, ამერიკული არასტრატეგიული საბრძოლო მასალების გამოყენების დაგეგმვაში მონაწილეობას იღებენ.

“ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამით აშშ-ის სამხედროები ამზადებენ ევროპის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, ტაქტიკური ბირთვული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად” -აცხადებს ლავროვი.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ევროპელები შეძლებენ მტკიცე უარის თქმას, საკუთარ ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი განიარაღების საკითხზე, შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, მოლაპარაკების გასაახლებლად მზად არის. მინისტრის თქმით, ამ საკითხის გარშემო, არც ერთ პუნქტზე რუსულ მხარეს ტაბუ დადებული არ აქვს. აშშ სხვა ქვეყნებთან ერთად, ცდილობს შექმნას მასზე დაქვემდებარებული ბიოლოგიური უსაფრთხოების სტრუქტურა, რომლითაც შესაძლო იქნება მანიპულირება.

„კვლავინდებურად აშშ-ის პოზიციის გამო დაბლოკილია ბიოლოგიური და ტოქსიური იარაღის შესახებ კონვენციის სავერიფიკაციო მექანიზმები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ამერიკელი კოლეგები ამ ჩიხიდან გამოსავალზე პასუხისმგებლობას გააცნობიერებენ “.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც რუსმა დიპლომატმა ისაუბრა კოსმოსის შეიარაღებაა. ლავროვი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მოსკოვი მზადაა განიხილოს დაინტერესებული მხარეების ნებისმიერი შეშფოთება.

“ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტი – კოსმოსში შეიარაღებაზე შეჯიბრის აღმოფხვრაა. შეიარაღების პერსპექტივები შეშფოთებას იწვევს და არამხოლოდ რუსეთში. ამას ადასტურებს ჩვენი ინიციატივების ფართო მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია მოცემული საფრთხეების აცილებაზე”, -აცხადებს სერგეი ლავროვი.

რუსი დიპლომატი ასევე შეეხო კორეის ნახევარკუნძულის საკითხს. სერგეი ლავროვი აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მზად არის დაეხმაროს ორ კორეას, თუმცა მიაჩნია, რომ საბოლოო სიტყვა ამ საკითხში მაინც სეულმა და ფხენიანმა უნდა თქვან