რუსეთს არასოდეს უძებნია მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუკი თბილისი მეტად კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებს მოსკოვთან მიმართებით, ავიამიმოსვლა შეიძლება, აღდგეს, – რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაერო-ში, ბრიფინგზე განაცხადა.
„როცა მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებაზე, გამოცხადებული იყო, რომ ეს არის დროებითი ზომა და ჩვენ მას გავაუქმებთ, როცა სიტუაცია ნორმალიზდება, როცა საქართველოს ხელისუფლებაში გაიაზრებენ ასეთი გამოვლინებების აღკვეთის აუცილებლობას“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თავად საჰაერო მიმოსვლას საქართველოსთან აღადგენდა.
„ჩვენ არასოდეს გვიძებნია ხელოვნური მიზეზები საქართველოსთან საჩხუბრად და თუკი საქართველოს ხელისუფლება შეძლებს, პასუხისმგებლობით განავითაროს საკუთარი პოზიცია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების სასარგებლოდ და არ გაიხედავს რუსოფობებისკენ… პირადად, მე საჰაერო კომუნიკაციას აღვადგენდი“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ, რუსულ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი ნაბიჯი იქნება.