სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ მინსკის შეთანხმებების შესრულების კომპრომისული ვარიანტია
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ მინსკის შეთანხმებების შესრულების კომპრომისული ვარიანტია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „შტაინმაიერის ფორმულა“ მინსკის შეთანხმებების შესრულების კომპრომისული ვარიანტია. ამის შესახებ ლავროვმა რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

„თავდაპირველად მინსკის შეთანხმებების ტექსტი ითვალისწინებდა კანონს განსაკუთრებული სტატუსის შესახებ და ამ სტატუსის კონსტიტუციაში დაფიქსირებას, შემდეგ კი არჩევნების ჩატარებას. პეტრო პოროშენკომ ნორმანდიულ ფორმატზე განაცხადა: „მე ვერ მივანიჭებ განსაკუთრებულ სტატუსს, რადგან საიდან ვიცი, ვის აირჩევენ იქ“. ეს არის აბსოლუტურად კონფრონტაციული, კონტრპროდუქტიული და რაც მთავარია, არასამართლებრივი მიდგომა. მაშინ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, რომელიც მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, შესთავაზე აი ასეთი კომპრომისული ფორმულა. ეს უკვე კომპრომისი და დათმობაა“, – განაცხადა ლავროვმა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მინსკის შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით „გეგმა ბე“ არ არსებობს.

„არანაირი გადახრა მინსკის შეთანხმებების საბაზო პრინციპებიდან, მათ შორის ამნისტია, კონსტიტუციაში ფიქსირებული განსაკუთრებული სტატუსი, ძალებისა და საშუალებების გაყვანა, ეკონომიკური კავშირების სრული აღდგენა, ბლოკადის მოხსნა, რომელიც სრულად ეწინააღმდეგებოდა მინსკის შეთანხმებებს. ეს ყველაფერი უცვლელი რჩება და ამის გარეშე არაფერი გამოვა“, – განაცხადა ლავროვმა.

ამავე დროს, რუსმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის გადაწყვეტილება პრეზიდენტებმა უნდა მიიღონ.