სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია დასავლეთის მცდელობის, ცენტრალური აზიის რეგიონში დომინირება დაამყაროს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია დასავლეთის მცდელობისა, ცენტრალური აზიის რეგიონში დომინირება დაამყაროს. ამის შესახებ ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცენტრალური აზია-რუსეთის და ცენტრალური აზია- ევროკავშირის ფორმატების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ლავროვმა აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატები მხოლოდ ურთიერთსასარგებლო შეიძლება იყოს და ეფუძნებოდეს შეთანხმებას, რომელიც პროცესის მონაწილე ყველა მხარეს აწყობს.
„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით თანამშრომლობის პროცესების პოლიტიზებას, ამაში იდეოლოგიური ელემენტების შემოტანას, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოთა ამა თუ იმ ჯგუფის მცდელობასთან, დაამყაროს დომინირება ამ და სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეებში“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ასეთი მცდელობები გამოვლინდა ევროკავშირის მხრიდან. ლავროვის განაცხადებით, ევროკავშირი ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის წინ წაწევას, რომელიც ღიად ანტირუსულ ხასიათს ატარებს.