სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში ანტირუსული მუხტია ჩადებული
სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში ანტირუსული მუხტია ჩადებული

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში ანტირუსული მუხტია ჩადებული. ამის შესახებ ლავროვმა გერმანულ საინფორმაციო სააგენტო DPA-თან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა რუს დიპლომატს ჰკითხა, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, რომელი მოვლენის გაუქმებას ისურვებდა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების შესამსუბუქებლად.

„რუსეთში ვფიქრობდით, რომ „ცივი ომის“ უმტკივნეულო დასასრული ჩვენი საერთო მიღწევა გახდებოდა. თუმცა აშშ-მა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს – საკუთარი თავი გამარჯვებულებად გამოაცხადეს და ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების თანასწორი და განუყოფელი არქიტექტურის შექმნაში თანამშრომლობაზე უარი თქვეს. გააკეთეს არჩევანი ჩვენს საზღვრებთან გამყოფი ხაზების გადატანის სასარგებლოდ, უპირველეს ყოვლისა, ნატო-ს აღმოსავლეთით ექსპანსიის გზით და ეს მოხდა ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიცემული დაპირებების მიუხედავად, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გაფართოვდებოდა. ანტირუსული მუხტი თავიდანვე იყო ჩადებული ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაშიც. ასეთი კურსის პირდაპირი შედეგი გახდა უკრაინაში ცნობილი მოვლენები, რომლებმაც ევროპაში უპრეცედენტო კრიზისი გამოიწვია“, – განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობა საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ძვირი უჯდება.

„თუმცა ჯერ არ არის გვიან, რომ ეს ნეგატიური ტენდენცია მოვაბრუნოთ. ამისთვის საჭიროა, უარი ვთქვათ „ნულოვანი ჯამის“ თამაშების ლოგიკაზე და ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობა, რომელიც დაფუძნებული იქნება მხოლოდ პატიოსნების, ურთიერთპატივისცემისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებზე“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

დატოვე კომენტარი