სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლურ მედიაში რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი მწვავდება და რუსეთის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლურ მედიაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ომი უფრო მწვავდება.
მისივე თქმით, დასავლეთში ტელევიზიებსა და სოციალურ ქსელებში რუსეთის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
„ეს (საინფორმაციო) ომი გაგრძელდება. ვიტყოდი, რომ ის გამძაფრების ტენდენციას ავლენს. ეს განსაკუთრებით აშკარაა ახლა, როდესაც, მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართული ქმედებების, მათ შორის ევროპელებისთვის მიყიდული იარაღის გადაცემისა და თანამგზავრული დაზვერვის მიწოდების მიუხედავად, ღიად რჩება ჩვენთან დიალოგისთვის. ტრამპის ადმინისტრაცია ღიად უჭერდა მხარს ამ დიალოგის შემდგომ განვითარებას, გაღრმავებას და რაც შეიძლება მეტი სფეროს მოცვას. მეორე მხრივ, ევროპამ ბოლო მომენტამდე კატეგორიულად თქვა უარი რუსეთთან რაიმე სახის კონტაქტზე. ახლა ისინი ამბობენ: „არა, მოდით, როგორმე აღვადგინოთ ეს კონტაქტები“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.