სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთი კომპრომისზე უარს თუ იტყვის, რუსეთი უკრაინაში დასახულ მიზნებს ბრძოლის ველზე მიაღწევს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი კომპრომისზე უარს თუ იტყვის, რუსეთი უკრაინაში დასახულ მიზნებს ბრძოლის ველზე მიაღწევს.
„დასავლური დიპლომატია თუ იმაში მდგომარეობს, რომ შეაკავოს ქვეყნები, რომლებიც გონივრულ, დაბალანსებულ და კომპრომისულ ინიციატივებს გვთავაზობენ, დაე, ასე იყოს“, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი მიზნებს მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მიაღწევს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, მოსკოვისთვის ეს უფრო სასურველი გზა იქნებოდა.
„მაშინ ჩვენს მიზნებს მივაღწევთ არა მოლაპარაკების მაგიდასთან, რაც ჩვენთვის უფრო სასურველი იქნებოდა და რაც ანკორიჯშიც დადასტურდა, არამედ ბრძოლის ველზე, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა“, – განაცხადა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო ტვირთების გადამზიდავ გემებზე თავდასხმების აკრძალვის შესახებ მორატორიუმის კონტროლი შეუძლებელია.
მისი თქმით, უკრაინამ თურქეთს, რუსეთსა და უკრაინას შორის ასეთი შეთანხმების მიღწევაში დახმარება მოითხოვა.
„ამის კონტროლი შეუძლებელია. მსგავსი ვითარება უკვე იყო სამი წლის წინ, როდესაც არსებობდა შავი ზღვის ინიციატივა, რომლის შემოღებაც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა შემოგვთავაზა და ჩვენ ის მივიღეთ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინის ოფიციალური პირები უკვე აცხადებენ, რომ ქვეყანა ზამთარს ვერ გადაიტანს და შექმნილი ვითარების გამო ზომების მიღებაა საჭირო.