სერგეი ლაგოდინსკი - მთავარი კითხვაა, როგორ მოვექცეთ პარტიას, რომელიც არ აღიარებს თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებას, მედიას
ჩვენ ახლა აქ ვართ განსაკუთრებულ მომენტში, ეს მომენტი ეხება იმას, თუ როგორ ექცევიან „ქართული ოცნება“, უსაფრთხოების სამსახურები და არაოფიციალური სამხედრო დანაყოფები საქართველოს მოქალაქეებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სერგეი ლაგოდინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ევროპარლამენტარის თქმით, სწორედ ეს ხდის სიტუაციას ძალიან კრიტიკულს და არცერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს ასე საკუთარ მოქალაქეებს.
„სწორედ ეს არის მთავარი კითხვა, როგორ მოვექცეთ პარტიას, რომელიც არ აღიარებს საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ მოძრაობას და თავისუფალ დემოკრატიულ საზოგადოებას, მედიას. ამ სიტუაციაში ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევხვდეთ მათ, ვისაც ავიწროებენ, ვინც არის ნაცემი და ციხეში სვამენ. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ“, – განაცხადა სერგეი ლაგოდინსკიმ.
ამასთან, სერგეი ლაგოდინსკის განცხადებით, სანქციები უნდა დაწესდეს მათ წინააღმდეგ, ვინც არის ჩართული ქართველი ხალხის დემოკრატიული ხმის ჩახშობაში.
„ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა აირჩიოს რომელ მხარესაა, ჩვენ აქ ვინც ვართ, ვართ ქართველი ხალხის მხარეს, იმ ხალხის მხარეს ვინც გადის ქუჩებში, ვინც გამოხატვის და შეკრების უფლებით სარგებლობს, თუ არსებობს საჭიროება, და ჩვენ ვფიქრობთ რომ ამის საჭიროება არსებობს, მაშინ კონკრეტული მიზნობრივი სანქციები უნდა შემოიღოს ევროკავშირმა ან ცალკეულმა ქვეყნებმა. სანქციები უნდა დაწესდეს მათ წინააღმდეგ, ვინც არის ჩართული ქართველი ხალხის დემოკრატიული ხმის ჩახშობაში. სანქციები შეიძლება, იყოს პასუხი და ამას ჩვენ სხვა ბევრი ქვეყნის მაგალითზე ვხედავთ, სადაც დაწესებულია სანქციების რეჟიმი ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ. შესაძლოა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ მომენტში და ჩვენ ამაში გარკვეულწილად დარწმუნებულები ვართ, რომ ახლა მოვიდა დრო, მსგავსი რეჟიმი გააქტიურდეს საქართველოშიც“, – განახადა ლაგოდინსკიმ.