სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი მთელ ძალისხმევას სევეროდონეცკის დასაკავებლად მიმართავს
სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთი მთელ ძალისხმევას სევეროდონეცკის დასაკავებლად მიმართავს

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, უახლოეს პერიოდში რუსეთი მთელ თავის ძალისხმევას სევეროდონეცკის დასაკავებლად მიმართავს.

სერგეი გაიდაის თქმით, ვითარება სევეროდონეცკში ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც გასულ ღამეს რუსებმა ლისიჩანსკთან დამაკავშირებელი მეორე ხიდი დააზიანეს და ახლა მესამეს ბომბავენ.

„მასზე გავლა უკვე შეუძლებელია და სწორედ ახლა მასიურად იბომბება ბოლო, მესამე ხიდი. მიმაჩნია, რომ მათ უნდათ, რომ სევეროდონეცკს მთლიანად მოუჭრან, ან ხალხის გამოყვანის, ან იქ მაშველი ძალების მიყვანის შესაძლებლობა. დიდი ალბათობით, დღეს ან ხვალ ისინი მთელ რეზერვს გადაისვრიან ქალაქის დასაპყრობად. შესაძლოა, სხვა მიმართულებებითაც, რათა მოხდეს ლისიჩანსკ-ბახმუტის ავტომაგისტრალის მოკვეთა და საბოლოო კონტროლი“, – განაცხადა გაიდაიმ.

გარდა ამისა, გაიდაი ასევე იტყობინება რუსების მიერ ქარხნებიდან მარცვლეულისა და აღჭურვილობის მასიური ქურდობის შესახებ. მისი თქმით, ქურდობის მასშტაბის შეფასება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ.

„რაც ასი პროცენტით ვიცით, მიმდინარეობს აღჭურვილობის გატანა. ქარხანა სვატოვოდან სატვირთოებით მარცვლეული გააქვთ. ის საკმარისად არის, კარგი მოსავალი იყო. სატვირთო მანქანებით „კამაზებით“ ახორციელებენ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს რუსეთში. ანუ ძარცვავენ, ძარცვავდნენ და გეგმავენ დახოცვას და კვლავ ძარცვას“, – აცხადებს გაიდაი.