უიმბლდონზე სრულდება მეთექვსმეტედფინალური ეტაპი. შაბათის სათამაშო დღე სენსაციების გარეშე მიმდინარეობს.
კარიერაში მეთხუთმეტედ გავიდა უიმბლდონის მერვედფინალში შვიდგზის ჩემპიონი სერენა უილიამსი. მან შანსი არ დაუტოვა გერმანელ იულია გორგესს და ორ სეტში მოუგო – 6:3, 6:4.
სერენამ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი თითო სეტში თითო ბრეიკის შესრულება შეძლო.
უილიამსი მეხუთედ შეხვდა პროფესიულ ტურში გორგესს და მეხუთედ მოუგო, თან ისე რომ სეტი არ წაუგია გერმანელთან. ეს ჩოგბურთელები შარშან ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და გორგესი მაშინაც დამარცხდა.
მერვედფინალში სერენა ესპანელ კარლა სუარეს ნავაროს შეხვდება.