სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატად არმენ სარგსიანი წარადგინა
სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატად არმენ სარგსიანი წარადგინა

სერჟ სარგსიანმა პრეზიდენტის თანამდებობაზე მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად დიდ ბრიტანეთში სომხეთის ელჩი არმენ სარგსიანი წარადგინა.

როგორც სომხეთის მოქმედი პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, სერჟ სარგსიანი არმენ სარგსიანს პრეზიდენტის რეზიდენციაში შეხვდა.

„თქვენი პირადი თვისებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გთავაზობთ, მისცეთ თანხმობა რესპუბლიკურ პარტიას, წარადგინოს თქვენი კანდიდატურა სომხეთის მეოთხე პრეზიდენტის პოსტზე. თქვენ ხართ შემდგარი მეცნიერი, იყავით სომხეთის პრემიერ-მინისტრი, გაქვთ დიდი დიპლომატიური გამოცდილება, სწორედ ამიტომ ჩვენ განვიხილეთ თქვენი კანდიდატურა. მნიშვნელოვანია, რომ სომხეთის პრეზიდენტი არჩეული იყოს ფართო საპარლამენტო თანხმობით“, – განაცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა შეხვედრისას.

სერჟ სარგსიანმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტს პარლამენტი პირველივე ტურში აირჩევს და უკვე მარტში სომხეთს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2 მარტს გაიმართება. სომხეთის ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს არა მოსახლეობა, არამედ პარლამენტი აირჩევს. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის წევრთა ხმების 3/5-ზე მეტი.

სერჟ სარგსიანს პრეზიდენტის უფლებამოსილება 2018 წლის 9 აპრილს ეწურება.

არმენ სარგსიანი ევროკავშირში, ბელგიასა და ლუქსემბურგში სომხეთის ელჩის თანამდებობასაც იკავებდა. 1996-1997 წლებში კი სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყო.