სერჟ სარგსიანი - ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებლობა თავისუფალი სავაჭრო ზონების გამოყენებით
სერჟ სარგსიანი - ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებლობა თავისუფალი სავაჭრო ზონების გამოყენებით

მოხარული ვარ, კვლავ ვიმყოფებოდე მეგობარი ქვეყნის, საქართველოს მიწაზე, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოწვევისა და თბილი მიღებისთვის,- ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა განაცხადა.

როგორც სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ორმხრივ ურთიერთობებში მრავალი პერსპექტიული პროგრამაა.

„წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია სომხეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25-ე წლისთავის გამო და წლის ბოლოს ჩემი ვიზიტი საბაბია ჩვენი ერთობლივი სამუშაოს შესაფასებლად. სიხარულით ვაფიქსირებ, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მრავალი პერსპექტიული პროგრამაა. გასულ მეოთხედ საუკუნეში სომხურ-ქართული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარება ჩვენი ისტორიიდან მომდინარე მიღებული შედეგია.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს ქართველ ხალხთან მეგობრული გრძნობები და შემთხვევითი არ არის, რომ სომხეთის მოსახლეობის უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს დასვენების და შვებულების საქართველოში გატარებას. აქ რომ არ ყოფილიყო კარგი მოპყრობა სომეხთა მიმართ, ისინი საქართველოში არ ჩამოვიდოდნენ“, – განაცხადა სარგსიანმა.
სომხეთის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრეზიდენტთან ეფექტურ მოლაპარაკებებს.

„დარწმუნებული ვარ, ეს მოლაპარაკებები ახალ ხარისხზე აიყვანს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ვადასტურებ მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და ჰარმონიის სულისკვეთებით საქართველოსთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობას.

დაინტერესებული ვართ, შევინარჩუნოთ მაღალი დონის ურთიერთვიზიტების აქტიურობა, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორმხრივ ურთიერთობებში და ახალი პროგრამების დასახვაში.

დღეს შევეხეთ ჩვენს გაფართოებულ სავაჭრო-ეკონომიკურ დღის წესრიგს. უპირველეს ყოვლისა, მიმდინარე თანამშრომლობის გაღრმავების ხაზგასმით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ქვეყნების ტრანზიტული შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება.

ვისაუბრეთ ასევე ტურიზმზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების და ტრანსპორტის სფეროებში დასახული პროგრესით იმის გათვალისწინებით, რომ აქ არის დიდი პოტენციალი. ჩვენი შეხვედრის დღის წესრიგში იყო ერთობლივი სამრეწველო საწარმოების შექმნა. ბატონ პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ქართულმა მხარემ უნდა გამოიყენოს სომხეთის შესაძლებლობა თავისუფალი სავაჭრო ზონების გამოყენებით, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც სომხეთში იქნება დარეგისტრირებული, ამ მხრივ შეძლებს სასარგებლო მოღვაწეობას. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს საზღვარზე შექმნილი ახალი თავისუფალი სავაჭრო ზონა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ქართული საქონლის მაგალითად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გატანისა“, – განაცხადა სარგსიანმა.