სერჟ სარგსიანი ოპოზიციას რჩევით მიმართავს და დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანს ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდებს
სერჟ სარგსიანი ოპოზიციას რჩევით მიმართავს და დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანს ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

სომხეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი ოპოზიციას რჩევით მიმართავს და დეპუტატ ნიკოლ ფაშინიანს ქუჩიდან პარლამენტში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სარგსიანმა პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიციასთან შეტაკებები და სამთავრობო შენობების შტურმი შედეგებს არ გამოიღებს. ინფორმაციას Aysor. Am-ი ავრცელებს. სომხეთის პრემიერი ოპოზიციას ცივილიზებულ დიალოგს სთავაზობს.

„ჩემი რჩევა თქვენ – მოიყვანეთ თქვენი კოლეგა ქუჩიდან პარლამენტში. ეს თქვენი უდიდესი დამსახურება იქნება. თუ მიგაჩნიათ, რომ სახელმწიფო დაწესებულებების დაკავება მშვიდობიანია აქციაა, თუ მიგაჩნიათ, რომ დემონსტრანტებმა თქვენს კაბინეტებში თქვენს ნაცვლად უნდა წერონ კანონები, ეს თქვენი საქმეა“, – მიმართა სარგსიანმა კანონმდებლებს.

ამასთან, როგორც News Armenia წერს, პრემიერმა აღნიშნა, რომ მას სისხლისღვრა არ სურს.

„მე და ჩვენს პოლიტიკურ ძალას სისხლისღვრა არასდროს გვწყუროდა. ჩვენ ბევრი სისხლი ვიხილეთ. თუმცა მტრის სისხლიც კი არასდროს მწყუროდა. სახელმწიფო დაწესებულებების დაკავება მშვიდობიან პროტესტად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

ამჟამად სერჟ სარგსიანის გაპრემიერების წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ფრაქცია „ელქის“ ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით, რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან.

ფაშინიანმა მხარდამჭერებს დღეს სახელმწიფო უწყებების შენობების ბლოკირებისკენ მოუწოდა და ხავერდოვანი რევოლუციის დაწყება დაანონსა.