სერჟ სარგსიანი გაერო-ში საქართველოს წინააღმდეგ პოზიციებს გამოეხმაურა
სერჟ სარგსიანი გაერო-ში საქართველოს წინააღმდეგ პოზიციებს გამოეხმაურა

თბილისში ვიზიტით მყოფი სომხეთის პრეზიდენტი გაერო-ში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების წინააღმდეგ პოზიციებს გამოეხმაურა. ამის შესახებ უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი საუბრობს. დეპუტატის თქმით, სომხურ დელეგაციასთან პარლამენტში ამ თემაზე საუბრისას, სერჟ სარგსიანმა სომხეთის წინაშე არსებული გამოწვევები მოიყვანა და ქართულ მხარეს გაგებით მიდგომისგენ მოუწოდა.

“იყო საუბარი გარკვეულ პოზიციებში განსხვავების თაობაზე, მაგრამ გამოთქმულია სურვილი, რომ გაგებით მოვეკიდოთ, გამომდინარე იმ გამოწვევების სპეციფიკიდან, რომელიც სომხურ და ქართულ მხარეებს გააჩნიათ. აფხაზეთის მიმართ დამოკიდებულებაში, სომხეთმა საწინააღმდეგო ხმა მისცა გაერო-ში და ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს იმ სპეციფიკაზე, რომელიც გააჩნია ამ სიტუაციაში სომხურ მხარეს. არის საკითხები, რომელიც შიდა კავკასიური ურთიერთობების სერიოზულ პრობლემებს წარმოაჩენს, რასაკვირველია სომხურ-აზერბაიჯანული დაძაბული ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაგრამ სამომავლოდ ერთმა და მეორე მხარემაც გამოთქვეს იმედი, რომ ეს ვითარება დალაგდება”, – აღნიშნავს გია ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ საუბარია გაერო-ში საქართველოს მიერ ინიცირებულ ყოველწლიურ რეზოლუციაზე, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსს ეხება. დევნილთა ფუნდამენტური უფლებების მხარდამჭერი დოკუმენტი, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ლტოლვილთა ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას გულისხმობს. 1 ივნისის კენჭისყრაზე სომხეთი იმ 14 ქვეყანას შორის იყო, რომელმაც საკუთარი ხმა ამ რეზოლუციის წინააღმდეგ დააფიქსირა. წლევანდელ რეზოლუციას 80 ქვეყენის მხარდაჭერა ჰქონდა, 61 ქვეყანამ კი თავი შეიკავა.