სერბეთში სახელმწიფო ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
სერბეთში სახელმწიფო ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში სახელმწიფო ტელევიზიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ბელგრადში სახელმწიფო ტელევიზიის სათავო ოფისთან მივიდნენ და მედიასაშუალებას ხელისუფლების დავალებების შესრულებაში დასდეს ბრალი. დემონსტრანტები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოსდა აქციის მონაწილეებს უცხოური საიდუმლო სამსახურები უხდიან ფულს სერბეთის მთავრობის ძალისმიერ გზით დასამხობად.

სერბეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან გამართული აქცია იმ დემონსტრაციების ნაწილია, რომლებიც ქვეყანაში ნოემბრიდან მიმდინარეობს. აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ ნოვი სადის სარკინიგზო სადგურში სახურავი ჩამოინგრა და 15 ადამიანი დაიღუპა. საპროტესტო აქციები ახალი ძალით მას შემდეგ განახლდა, რაც 16 იანვარს სტუდენტი გოგონა სერიოზულად დაშავდა, როდესაც მანქანა დემონსტრანტებს შეეჯახა. პოლიციამ განაცხადა, რომ მძღოლი დააკავეს და მას მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, აქციის მონაწილეები ქალაქ ნოვი სადში მომხდარ ტრაგედიას ქვეყანაში არსებულ კორუფციას უკავშირებენ. მათი მტკიცებით, ხელისუფლებისა და ჩინური კომპანიების გარიგების გამო სადგურის სარემონტო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. ცნობისთვის, სერბეთში ჩინური ფირმები ჩართულნი არიან არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში. ამასთან, მომიტინგეები ასევე აპროტესტებენ ალექსანდრ ვუჩიჩის მზარდ ავტოკრატიულ მმართველობას.

მედიის ცნობით, აქციების მონაწილეები სერბეთის მასშტაბით საყოველთაო გაფიცვის გამართვას აპირებენ.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში ძალისმიერ გზით ვერ მივა. ვუჩიჩმა ასევე მხარი დაუჭირა იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური საპროტესტო აქციების წინააღმდეგ არიან და აცხადებენ, რომ მათი გადაადგილების თავისუფლება იზღუდება. ვუჩიჩის ოპონენტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ძალადობრივი ატმოსფერო თავად პრეზიდენტმა შექმნა.