სერბეთში არჩევნების დღეს პოლიციასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმების დაგეგმვის ბრალდებით, ექვსი ადამიანი დააკავეს
სერბეთის პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა, რომლებსაც კვირას დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების დროს პოლიციასა და პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმების დაგეგმვაში ედებათ ბრალი. ამის შესახებ ქვეყნის პროკურატურაში განაცხადეს.
პროკურატურის ინფორმაციით, ხუთი ეჭვმიტანილი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ნოვი სადში დააკავეს. მათ ბრალად ედებათ „უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ძალადობრივი გზით დამხობისკენ წაქეზება და მოწოდება“.
პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილებმა სხვა პირები დაიქირავეს და არჩევნების დღეს მათ ბელგრადში ჩაყვანას გეგმავდნენ, რათა პოლიტიკურ ოპონენტებსა და პოლიციაზე თავდასხმები მოეწყოთ.
მეექვსე პირი ბელგრადში დააკავეს. მას ე.წ. მობილური ჯგუფების მომზადების ხელმძღვანელობას ედავებიან. პროკურატურის განცხადებით, ჯგუფებს ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობისთვის ამზადებდნენ.
ცნობისთვის, სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება.