სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს შორის ბრიუსელში მოლაპარაკებები გაიმართა
სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებს შორის ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით მოლაპარაკებები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ბრიუსელში სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩსა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრს, ავდულა ჰოტის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ტერიტორიულ დავასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხიდან გამოყვანა იყო.
ეს კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებს შორის პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში.
კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყანა ცნობს. თუმცა, მის დამოუკიდებლობას დღემდე არ აღიარებს ევროკავშირის ხუთი წევრი ქვეყანა, ასევე რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა და საქართველო.