სერბეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი ნიკოლა სტაჟანოვიჩი - საქართველო უზრუნველყოფს, რომ კავკასია ასრულებს და შეასრულებს ხიდის როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის
„აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაზე – „გლობალური ვაჭრობის განახლება“ სერბეთის რესპუბლიკის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა, სახელმწიფო მდივანმა, ნიკოლა სტაჟანოვიჩმა „აბრეშუმის გზის“ აღდგენის მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე ისაუბრა.
„საქართველოს ძალისხმევა აბრეშუმის გზის აღსადგენად მიმართულია გამოწვევის შესაძლებლობად ქცევისკენ. საქართველომ უზრუნველყო, რომ კავკასია შეასრულებს და ასრულებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის ხიდის როლს. ჩვენ ვეთანხმებით ამ სტრატეგიულ ხედვას, რომ გაძლიერდეს ინვესტირება, მდგრადობა და მეწარმეობის ხელშეწყობა“, – განაცხადა ნიკოლა სტაჟანოვიჩმა.
როგორც სერბეთის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენით ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა გაფართოვდება.
„მიზნად გვაქვს რეგიონული მიწოდების ჯაჭვების გაძლიერება არა მხოლოდ კასპიის და შავი ზღვის რეგიონებთან, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“, – განაცხადა სტაჟანოვიჩმა.