სერბეთი ნატო-ში არ გაწევრიანდება, სამხედრო ნეიტრალიტეტი ბუნებრივი არჩევანია, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ნატო-ს სამხედრო კამპანიის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, სერბეთი არავის ემუქრება და სურს, რომ თავად დაიცვას საკუთარი თავი.
სერბეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა შესაძლებლობებს აძლიერებს, რადგან 1999 წელთან შედარებით, 10-ჯერ ძლიერია, 2008 წელთან შედარებით კი, 20-ჯერ.
სერბეთის ქალაქ ნიშიში გამართულ ღონისძიებას ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.
პატრიარქმა ირინეოსმა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ობიექტების განურჩევლად დაბომბვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დაბომბვების კამპანიამ შესაძლოა, მხოლოდ ეშმაკი გახადოს ბედნიერი.
„როიტერის“ ინფორმაციით, 1998 წელს კოსოვოში სერბეთის მმართველობის წინააღმდეგ ეთნიკური ალბანელების ამბოხებას სერბეთმა მკაცრი პასუხი გასცა, მათ შორის მოსახლეობის მიმართ ძალადობა აღინიშნა.
დიპლომატიური მოგვარების მცდელობები წარუმატებელი გამოდგა. კონფლიქტის დასრულების მიზნით, ნატო-მ საჰაერო დაბომბვები 1999 წლის 24 მარტს დაიწყო. 78-დღიანი სამხედრო კამპანიის შემდეგ სლობოდან მილოშევიჩმა კოსოვოდან ჯარები გაიყვანა.
2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა ბელგრადი ამ ნაბიჯს არ აღიარებს და გაერო-ში კოსოვოს გაწევრიანებას ბლოკავს.