სერბეთის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა
სერბეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის, მილოშ ვუჩევიჩის მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
ვუჩევიჩმა, რომელიც მმართველი პარტიის, „სერბეთის პრეგრესული პარტიის“ ლიდერი და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მოკავშირეა, გადადგომის შესახებ ჯერ კიდევ 28 იანვარს განაცხადა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე. თუმცა პარლამენტმა მისი გადადგომა ახლა დაამტკიცა.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტ ვუჩიჩს ახლა 30-დღიანი ვადა აქვს ახალი პრემიერ-მინისტრის წარსადგენად. ამ ვადაში თუ მთავრობის ფორმირება ვერ მოხდება, უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. როგორც მედია წერს, ახალი მთავრობის ფორმირების ვადა 18 აპრილს, შუაღამით ამოიწურება.
სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ნოემბრის შემდეგ იმართება. დემონსტრანტები ნოვი სადში ახლადრეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, მთავრობის კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ.