სერბეთის ოთხ ქალაქში მთავრობის ზეწოლისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა
სერბეთის ოთხ ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. დემონსტრანტები აპროტესტებდნენ მთავრობის ზეწოლასა და სიძულვილის ენას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე დემონსტრაციების მონაწილე სტუდენტებისა და პროფესორების წინააღმდეგ არის მიმართული.
ბელგრადის გარდა, დემონსტრაციები გაიმართა ნოვი სადში, გრაგუევაცსა და ნიშში.
საპროტესტო მსვლელობები მას შემდეგ გაიმართა, რაც ერთი დღით ადრე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ქალი დანით თავს დაესხა ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანს, ნატალია იოვანოვიჩს.
აღნიშნულ თავდასხმას პროტესტის მონაწილეები სიძულვილის კამპანიას უკავშირებენ, რომელიც, მათი თქმით, მაღალჩინოსნებისა და სამთავრობო მედიის მიერ არის გაღვივებული.
სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 2024 წლის ნოემბრის შემდეგ იმართება. დემონსტრაციები ნოვი სადში ახლად რეაბილიტირებული რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას მოჰყვა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები მომხდარს მთავრობის კორუფციასა და ნეპოტიზმს უკავშირებენ. ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები და პროფესორები.