სერბეთის სახელბურთო ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მონაწილემ, 29 წლის ნოვაკ ბოშკოვიჩმა საკუთარი სახლის ეზოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ტრაგედია 3 თებერვალს, პატარა ქალაქ ცრვენკაში მოხდა, სადაც ხელბურთელი ცოლთან და ხუთი თვის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. როგორც novosti.rs წერს, ბოშკოვიჩმა თავი ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა.
უცნობია, რამ უბიძგა ახალგაზრდა მამაკაცს ამგვარი ტრაგიკული გადაწყვეტილებისკენ. ბოლო წლებში, ბოშკოვიჩი წარმატებით თამაშობდა ისრაელის ჩემპიონატში რიშონის „მაკაბის“ შემადგენლობაში. 1-ელ თებერვალს, სერბმა კირიათის „მაკაბის“ წინააღმდეგ ითამაშა და გამარჯვების გოლის ავტორი გახდა. ამ მატჩის შემდეგ, ბოშკოვიჩი სამშობლოში გაემგზავრა.