სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრი - ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს
სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრი - ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც შეეხება სასწავლო მიზნით ვიზიტების, გამოცდილების გაცვლას, ევროპული ინტეგრაციის შესახებ ჩვენი გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებას, – ამის შესახებ სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა, ​იადრანკა იოქსიმოვიჩმა განაცხადა.

როგორც ​იადრანკა იოქსიმოვიჩმა აღნიშნა, სერბეთი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის კანდიდატი ქვეყანაა.

„ჩვენ ევროპული ინტეგრაციის პროცესის მოწინავე სახელმწიფოდ ვართ აღიარებული. ჩვენ დასავლეთ ბალკანეთის რეგიონს განვეკუთვნებით. ამჟამად ჩვენ ევროინტეგრაციისთვის აუცილებელი 45 პუნქტიდან, მე-17-ზე გადავედით და ამ მხრივ ყველაზე მოწინავედ ვითვლებით და ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირს წევრობასთან. ვიმედოვნებ, რომ ეს რამდენიმე წელიწადში მოხდება. ევროინტეგრაციის პროცესის წინაშე ამჟამად გარკვეული სირთულეებია, რადგან ევროკავშირი მთლიანად არის ფოკუსირებული თავის შიდა საქმეებზე და კონსოლიდირებაზე. თუმცა ჩვენ სტრატეგიული მოთმინება გვაქვს და ვფიქრობ, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს სტრატეგიული მოთმინება. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, სწორედ ამიტომ, ჩვენ ჩამოვედით აქ, ამ კონფერენციაზე, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც შეეხება სასწავლო მიზნით ვიზიტების, გამოცდილების გაცვლას, ევროპული ინტეგრაციის შესახებ ჩვენი გამოცდილების საქართველოსთვის გაზიარებას. სერბეთიც და საქართველოც ევროპის სხვადასხვა ნაწილში გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონებში მდებარე ქვეყნები არიან. ჩვენთვის თანამშრომლობა და ევროპული მომავალი ერთადერთი გონივრული გზაა ჩვენი ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის“, – განაცხადა სერბეთის ევროპული ინტეგრაციის მინისტრმა.

საქართველომ და სერბეთმა ევროინტეგრაციის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.