სერბეთის არჩევნებში გამარჯვებულმა ბლოკმა, „სტუდენტურმა სიამ“ მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმო – „მედიას პარლამენტში ინსტიტუციური ბრძოლით გავათავისუფლებთ“

12:17, 27.10.2026

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა საარჩევნო ბლოკმა, „სტუდენტურმა სიამ“ მედიის საქმიანობაში ჩარევა დაგმო.

ბლოკში აცხადებენ, რომ მედიას პარლამენტში ინსტიტუციური ბრძოლით გაათავისუფლებენ.

„ერთად გავიმარჯვეთ და  ღირსებაც ერთად შევინარჩუნოთ“, – აღნიშნულია ბლოკის განცხადებაში.

როგორც მედია წერს, 26 ოქტომბერს სერბეთის მოსახლეობის ნაწილი სამთავრობო ტელეარხის, Informer-ის შენობაში შეიჭრა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტელეარხის შენობაში შეჭრის დროს შიგნით მყოფი ერთი ადამიანი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

ინციდენტი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სტუდენტური სიის“ გამარჯვებას მოჰყვა. ბლოკმა ამომრჩეველთა ხმების თითქმის 53% მიიღო. რამდენიმე ათეული ადამიანი შენობაში შეიჭრა, რამაც ერთ-ერთი გადაცემის შეწყვეტა გამოიწვია. ისინი Informer-ის მთავარ რედაქტორს, ვუჩიჩევიჩს მიმართავდნენ, რატომ აქვეყნებდნენ გარკვეულ მასალებს, რომლებითაც აკნინებდნენ აქციის მონაწილეებს. „ბოდიში მოუხადე თავისუფალ სერბ ხალხს“, – მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეები Informer-ის მთავარ რედაქტორს.

მომხდარს გამოეხმაურა სერბეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ანდრეას ფონ ბეკერატი. მისივე თქმით, ვისაც რომელიმე მედიასაშუალების საქმიანობის მიმართ კრიტიკა ან პრეტენზია აქვს, ეს ღირსეულად, დადგენილი სამართლებრივი და მარეგულირებელი მექანიზმებით უნდა გააკეთოს. „ძალადობა არასდროს არის გამოსავალი“, – განაცხადა ფონ ბეკერატმა.

მსგავსი