გორან ბრეგოვიჩს მოლდოვაში ჩასვლაზე უარი უთხრეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველი კოლეგისგან განმარტებას ითხოვს
გორან ბრეგოვიჩს მოლდოვაში ჩასვლაზე უარი უთხრეს, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველი კოლეგისგან განმარტებას ითხოვს

სერბ მუსიკოსს, გორან ბრეგოვიჩს მოლდოვაში ჩასვლაზე უარი უთხრეს. მომხდარის გამო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოლდოველი კოლეგისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს.

როგორც სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, ბრეგოვიჩისთვის მოლდოვაში ჩასვლაზე უარის თქმა „არ შეესაბამება სერბეთსა და მოლდოვას შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს“ და კიშინეუს ამ ნაბიჯმა „სერბულ საზოგადოებაში ძალზედ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია“.

„ბრეგოვიჩი მთელ მსოფლიოში ატარებს კონცერტებს და ასეთი პრობლემები არსად შეხვედრია“, – განაცხადა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა.

გორან ბრეგოვიჩის კონცერტი მოლდოვაში ფესტივალზე 20 აგვისტოს იყო დაგეგმილი, თუმცა სასაზღვრო პოლიციამ მას მოლდოვის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი უთხრა.

როგორც მოლდოვის სასაზღვრო უწყებაში განაცხადეს, ბრეგოვიჩს 2022 წლიდან აქვს აკრძალული მოლდოვაში შესვლა და ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.

ცნობისთვის, 2015 წელს ბრეგოვიჩს უარი უთხრეს პოლონეთში გამოსვლაზეც იმ მიზეზით, რომ მან ამავე წელს კონცერტი გამართა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში.