სერ სუმა ჩაკრაბარტი - საქართველო ჩვენთვის ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად რჩება
საქართველო „იბიარდისთვის“ წარმატების ერთ-ერთ მაგალით ქვეყნად რჩება, – ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და მისი გამოცდილების გაზიარებით ბანკის ბევრი პარტნიორია დაინტერესებული. სერ სუმა ჩაკრაბარტიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინვესტორთა საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასული წელი ინვესტიციების თვალსაზრისით რეკორდული იყო, თუმცა „იბიარდის“ სურს, საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა კიდევ უფრო გაზარდოს. მხარეებმა ასევე განიხილეს „იბიარდის“ ორგანიზებით საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური ფორუმის ჩატარების შესაძლებლობა.
საუბარი შეეხო ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფის მნიშვნელობას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, „იბიარდის“ პორტფელი პირდაპირ პასუხობს საქართველოში არსებულ გამოწვევებს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
ყურადღება გამახვილდა „იბიარდის“ მიერ დაფინანსებულ ენერგეტიკულ პროექტებზე. ხაზი გაესვა ენერგეტიკის სფეროს სწორი განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს. „იბიარდის“ პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს რეფორმის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ისე ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია. „იბიარდის“ მიერ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა სამ მილიარდ ევროს აღემატება.