სექტემბრიდან თბილისს ცხრა ახალი საბავშვო ბაღი ექნება, ხოლო ორი გაფართოვდება
სექტემბრიდან თბილისს ცხრა ახალი საბავშვო ბაღი ექნება, ხოლო ორი გაფართოვდება

სექტემბრიდან თბილისს ცხრა ახალი საბავშვო ბაღი ექნება, ხოლო ორის გაფართოება მოხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. სექტემბრიდან, ახალ სააღმზრდელო წელს 11 ახალი შენობით შევხვდებით. აქედან ცხრაში განთავსდება ახალი ბაგა-ბაღი, ხოლო ორის გაფართოება გვიწევს, კიდევ უფრო გადიდება. ეს ახალი შენობები გვაძლევს შესაძლებლობას, დამატებით 3000 აღსაზრდელმა მიიღოს სკოლამდელი განათლება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ავარიულ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ საბავშვო ბაღებზე. მისი თქმით, მოხდება 12 შენობის რეაბილიტაცია, ხოლო ზოგიერთ ბაგა-ბაღს დემონტაჟი სჭირდება.

„ზოგადად ბაღების მიმართულებით შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არის პრობლემები და ეს უნდა იქნას მოწესრიგებული. რამოდენიმე ბაღში როდესაც ჩატარდა ექსპერტიზა, შეჩერებული იქნა სწავლა, რათა ყველანაირი პრობლემა თავიდან იყოს აცილებული. შესაბამისად, სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. მოხდება ავარიულ მდგომარეობაში მყოფი 12 ბაღის რეაბილიტაცია. ასევე, გვაქვს კონკრეტული ბაღები, რომლებსაც სჭირდება დემონტაჟი და თავიდან უნდა განხორციელდეს პროექტები. ესეც წელს დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მომავალ წელსაც გაგრძელდება ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა.

„მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ბავშვებმა განათლება უნდა მიიღონ უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში და მერია ამ მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.