სექტემბერში საქართველოში 24 საათითა და მეტით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა
სექტემბერში საქართველოში 24 საათითა და მეტით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა

სექტემბერში საქართველოში 24 საათითა და მეტით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობამ 420 390 შეადგინა, რაც წინა წლის სექტემბერთან შედარებით 1.9 პროცენტით ნაკლებია. სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების მონაცემებითვე, სექტემბერში ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლების საერთო რაოდენობამ 839 358 შეადგინა, რაც წინა წლის სექტემბერზე 3 პროცენტით მეტია.

წინა თვეში 6 პროცენტით, 209 745-მდე გაიზარდა სატრანზიტო შემოსვლების რაოდენობა (24 საათზე ნაკლებ დროში სხვადასხვა ქვეყანასთან საზღვრის კვეთა). სტატისტიკაში ცალკე გამოყოფილია „სხვა“ კატეგორია, რომელშიც 209 223 უცხოელი მოხვდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 11.1 პროცენტით მეტია.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები განსხვავდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკისგან, რაც ვიზიტორთა დათვლის განსხვავებულ მეთოდოლოგიებს უკავშირდება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, სექტემბერში საქართველოში 917 044 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.8 პროცენტით აღემატება; ტურისტული ვიზიტები კი, გაზრდილია 0.6 პროცენტით და მათმა რაოდენობამ 539 524 შეადგინა.

ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა (147 425), აზერბაიჯანი კი მეორე ადგილზე იყო (145 482). შსს-ს სტატისტიკით კი, კვეთების რაოდენობით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია (176 612), რუსეთი კი, მეორეზეა (163 333).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, უწყება ტურიზმის სტატისტიკას აწარმოებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის „ტურიზმის სტატისტიკის 2008 წლის რეკომენდაციების“ მეთოდოლოგიის საფუძველზე.

დატოვე კომენტარი