სექტემბერში საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა
სექტემბერში საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა

სექტემბერში საქართველოს ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი საქართველოში პირველი ევროპული სკოლის გახსნას დაესწრება. ამ თემაზე პირველ არხთან ევროკომისიაში საქართველოსა და მოლდოვასთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკეტმა ისაუბრა.

„პირველი ევროპული სკოლის გახსნა ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია და რეგიონულ მნიშვნელობას ატარებს. ამ ტიპის ევროპული სკოლა სამხრეთ კავკასიაში პირველად იხსნება. ეს არის ფანტასტიკური პროექტი და მოხარულები ვართ, რომ შეგვეძლო ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიგვეღო. სკოლა საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ. სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად, თბილისში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ჩამოვა. პირველ ეტაპზე, საუბარია 30 სტუდენტზე. ისინი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან იქნებიან. კურსის დასრულების შემდეგ, ბაკალავრის ხარისხს მიიღებენ“, – აცხადებს მეთიუ ბუსკეტი.

ევროკომისიის წარმომადგენელმა პირველ არხთან საქართველოს ევროპულ მისწრაფებასა და ევროკავშირ-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა.

„საქართველოს აქვს ევროპული მისწრაფება. ჩვენ ამ მისწრაფებას ვაფასებთ. ურთიერთობას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ძალიან კარგი დინამიკა აქვს. გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ჩვენს ურთიერთობებში. ახლა მთავარია, ყურადღება ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე გავამახვილოთ. აუცილებელია ასოცირების ხელშეკრულების სრული და ეფექტიანი იმპლემენტაცია. საქართველოს მოქალაქეებმა სარგებელი უნდა მიიღონ“, – განაცხადა მეთიუ ბუსკეტმა.