სექსუალური შევიწროებისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ ჰოლივუდში დემონსტრაცია მოეწყო
სექსუალური შევიწროებისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ ჰოლივუდში დემონსტრაცია მოეწყო

სექსუალური შევიწროებისა და შეურაცხყოფის წინააღმდეგ კამპანია #MeToo-ს ფარგლებში ჰოლივუდში დემონსტრაცია მოეწყო. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობა ასობით ადამიანმა მიიღო.

დემონსტრაცია მოჰყვა მოვლენათა ჯაჭვს, რომელშიც არაერთ საჯარო ფიგურას ბრალი სექსუალურ შევიწროებაში დასდეს. ბრალდებათა ეს ტალღა კი, კინო-პროდუსერის, ჰარვი ვაინშტაინის სკანდალით დაიწყო.

დემონსტრაცია ჰოლივუდის დიდების ხეივნის გავლით CNN-ის მთავარ შენობამდე მსვლელობით გაიმართა.
დემონსტრანტები უმეტესად ქალები იყვნენ, თუმცა მსვლელობაში მონაწილეობას მამაკაცებიც იღებდნენ.

ბოლო კვირების განმავლობაში სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ადამიანების სიაში არიან მსახიობი კევინ სპეისი და კომიკოსი ლუის სიქეი.

ლუის სიქეიმ პარასკევს ბოდიში საჯაროდ მოიხადა და მის მიმართ არსებული ბრალდებები აღიარა.

რაც შეეხება ვაინშტაინს, მის მიმართ გაუპატიურების ბრალდებაც არსებობს. თუმცა, როგორც ჰოლივუდელი პროდიუსერის ადვოკატმა განაცხადა, ვაინშტაინი კატეგორიულად გამორიცხავს მსგავს ფაქტს.