სენსაციების ტური ექვს ერში - ირლანდია ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა [ვიდეო] #1TVSPORT

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ექვსი ერის ბოლოსწინა, მე-4 ტური სენსაციების გამოდგა. მოულოდნელობა პირველივე მატჩში დაფიქსირდა: იტალიამ ფავორიტად მიჩნეული შოტლანდია რომში, „სტადიო ოლიმპიკოზე“ მიიღო. სკოტების ბოლოდროინდელი ფორმის გათვალისწინებით მასპინძლების შინ ჩატარებულ მატჩებში მოუგებელი 11-წლიანი სერია უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ შაბათს განსხვავებული იტალია ვიხილეთ – გუნდი, რომელმაც მეორე ტაიმში მოუმატა და საბოლოოდ მეტოქეს ბოლო 20-წუთიან მონაკვეთში აჯობა – ანუ მაშინ, როდესაც „აძური“ ტრადიციულად ყველაზე სუსტია.

გადამწყვეტი 72-ე წუთზე გარბიზის ზუსტად შესრულებული ჯარიმა იყო, რის შემდეგაც „აძური“ 9 ქულით გავიდა წინ. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს „ნარშავებმა“ მასირებული იერიში და სკინერის ლელოთი დაჯილდოვდნენ, თუმცა მეტი ვეღარ მოახერხეს. იტალიამ შინ ექვსი ერის ფარგლებში ბოლო 11 წელში პირველად გაიმარჯვა – 31:29.

კიდევ უფრო დრამატული გამოდგა ლონდონში, „თვიქენჰემზე“ გამართული დაპირისპირება, სადაც წინა ტურში შოტლანდიასთან დამარცხებული ინგლისი აქამდე წაგების არმქონე ირლანდიას დაუხვდა და, აუტსაიდერის სტატუსის მიუხედავად, მეტოქე ერთი ქულით, ანგარიშით 23:22 დაამარცხა.

ირლანდიელებს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. მატჩის დასრულებამდე 7 წუთიღა რჩებოდა, როდესაც ჯეიმს ლოუმ ბურთი კიდესთან ახლოს დაამიწა და ირლანდიას ორქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. სტუმრების სამწუხაროდ გარდასხავა არაზუსტი გამოდგა, რამაც ინგლისს შეხვედრის გადარჩენის შანსი მისცა.

მატჩისთვის განკუთვნილი დრო უკვე ამოწურული იყო, შეცვლაზე შემოსულმა მგეზავმა, მარკუს სმიტმა ბურთი კარგ პოზიციაში მიიღო, არეკნი ნაჩქარევად, მაგრამ ზუსტად შეასრულა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

***

ლელოებით დახუნძლული, მაგრამ ნაკლებად დაძაბული გამოდგა ტურის ბოლო შეხვედრა – უელსმა საფრანგეთს „ფრინსიფალითი სთედიუმზე“ უმასპინძლა და ერთი საათი თანაბრადაც ეთამაშა, მაგრამ ბოლო 20 წუთში სტუმრებმა იმძლავრეს და დიდი ანგარიშით მოიგეს – 45:24.

***

მოულოდნელი შედეგების შემდეგ სატუნირო ცხრილი ძალიან საინტერესოდ გამოიყურება – ირლანდიას 16 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და შეიძლება ისტორიაში პირველად მოხდეს ისე, რომ ექვსი ერის მოგება სამი გამარჯვებით მოახერხოს. მათი დაწევის შანსი მხოლოდ ინგლისს აქვს, ოღონდ ამისთვის მომდევნო ტურში „სამყურებმა“ შოტლანდიასთან დამამშვიდებელი ბონუსიც ვერ უნდა აიღონ, ინგლისმა კი  სტუმრად საფრანგეთს უნდა მოუგოს, რაც, მეტოქის კარგი სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, რთული ამოცანაა. მესამე-მეოთხე ადგილებს საფრანგეთი და შოტლანდია 11-11 ქულით იყოფენ. იტალიას 7 ქულა აქვს, ბოლოადგილოსან უელსს კი – მხოლოდ სამი. დრაკონებს „ხის კოვზის“ თავიდან ასარიდებლად ბოლო ტურში შინ იტალიელთა დამარცხება მართებთ.